აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია თბილისობის ფარგლებში ჩაისა და თაფლის ფესტივალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისობის ფარგლებში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო.

ფესტივალში ჩაის მწარმოებელი კომპანიები, იმპორტიორი და მეზობელი ქვეყნების მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის მონაწილეებმა სტუმრებს სხვადასხვა სახის ჩაისა და თაფლის დაგემოვნება შესთავაზეს.

ფესტივალის ფარგლებში საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმაც. მათ მიერ შეთავაზებულმა პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

დევნილი ფრიდონ ჩიტაძის შპს-მ „თერნალი-ჩაი", ფესტივალის სტუმრებს 9 სახეობის პროდუქციის დაგემოვნება შესთავაზა, ხოლო მეფუტკრეობის დარგში ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს მეფუტკრეებმა ედიშერ გულბანმა და დემურ დარსანიამ.

ჩაისა და თაფლის ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" ალუ გამახარიას ხელმძღვანელობით, რომელმაც სტუმრებს თაფლზე დამზადებული კულინარული პროდუქცია შესთავაზა. კულინარული პროდუქცია სპეციალურად ამ დღისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსული თანამემამულეების მიერ დამზადდა.

ფესტივალზე იმყოფებოდა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს წევრი და თანადამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია. ფესტივალს ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია და მთავრობის სხვა წევრები.

აფხაზეთის ატონომიური რესპუბლიკის მთავრობა და დევნილი მეწარმეები მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში.