აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მილოცვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის
ცენტრის ხელმძღვანელს
ქალბატონ სვეტლანა ქეცბას

      ქალბატონო სვეტლანა,

       თქვენს მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა არის ნამდვილად მისაბაძი მაგალითი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვისა.
       თქვენი მოღვაწეობის ყველა უბანზე - ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე, დღევანდელი აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის რანგში - ყოველთვის ავლენდით მაღალ ზნეობას,  მტკიცე სულიერებას და,  განსაკუთრებით, ფაქიზ მზრუნველობას ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურის შესანარჩუნებლად. ნიშანდობლივია, თქვენი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა „აფხაზეთის ხსნის კომიტეტში". სახალხო დიპლომატიის სფეროში გამოვლენილი თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის და პასუხისმგებლობის აშკარა დასტურია უმაღლესი სახელმწიფო და საეკლესიო ჯილდოები - „ღირსების ორდენი" და „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი".
       აფხაზეთში დატრიალებულმა უდიდესმა ადამიანურმა ტრაგედიამ, ურთულესმა პოლიტიკურმა ქარტეხილებმა ვერ შეგაცვლევინათ  ქართულ-აფხაზური ნათესაური კავშირების, მეგობრული თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის მრავალსაუკუნოვანი ვექტორი, რაშიც  ვხედავთ თქვენი სულის სიმხნევის, სისპეტაკისა და უშრეტი ენერგიის წყაროს.
       ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თქვენი ოპტიმიზმი და თავდაუზოგავი ღვაწლი კიდევ დიდხანს ემსახურება ჩვენი თანამემამულეების სულიერების აღმავლობას, წინაპრების უკვდავი სიბრძნის - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" -გზით სანუკვარი ოცნებისაკენ სვლას.
       აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს გულწრფელად გილოცავთ ღირსეულ იუბილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი               ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                            ელგუჯა გვაზავა