აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს რიგი საკითხები და ინიციატივები, რომელებიც დევნილთა სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეხო.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებმა დევნილი საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა, გარკვეულ წრეებში კი პროტესტი გამოიწვია. დევნილთა ნაწილმა მჯდომარე აქცია ქ. ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წინ, ნაწილმა კი თბილისში, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართა. აღნიშნულ ჯგუფს არაერთგზის შეხვდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ უმაღელსი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. შეხვედრისას მიღწეული იქნა შეთანხმება, შექმნილიყო დევნილთა წარმომადგენლებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წევრების მიერ შემდგარი ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამ შეთანხმების შემდეგ დევნილთა საპროტესტო აქციები შეწყდა. სწორედ, აქ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბდა დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შემდგარი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელთა პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.

სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას უწევს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია და ხელმძღვანელობას იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ზაქარაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ჯალაღონია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი თამაზ სანიკიძე, ა.ა.ი.პ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ,,გზა აფხაზეთისკენ"იურისტი მერაბ ჯიქია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშე'' ლელა ხორავა და იურიდიული კომპანია ,,სამართლებრივი დახმარების ცენტრი"-ს დირექტორი ვახტანგ ნაყოფია.

შეხვედრას ასევე დევნილთა საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.