აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ლორიკ მარშანიას გახსენება

აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ჭეშმარიტ მამულიშვილს, საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ლორიკ მარშანიას 24 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდებოდა.

სამი წლის წინ, მისი ტრაგიკული გარდაცვალებით, აფხაზმა და ქართველმა ხალხმა, უმძიმესი დანაკლისი განიცადა, რადგან მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამ ორი ერის ერთიან სამშობლოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის მუხლჩაუხრელად იღვაწა.

ბატონი ლორიკ მარშანია მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა. ამიტომაც ლორიკ მარშანიას, როგორც სეპარატიზმის წინააღმდეგ მებრძოლს, საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში თავისი წვლილი მიუძღვის.

ბატონი ლორიკ მარშანია იყო თვალსაჩინო მეცნიერი-ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე იგი მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.

პატივს მივაგებთ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილის, ლორიკ მარშანიას ხსოვნას!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.