რუსთავში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესს ვახტანგ ყოლბაია დაესწრო

დღეს, რუსთავში მცხოვრებ 22 დევნილ ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი ბინის გასაღები გადასცა. ბინების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. დავით დარახველიძესთან ერთად, ახალი ბინების გასაღები დევნილებს ვახტანგ ყოლბაიამ და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურად აბლოთიამ გადასცეს.

ამ ეტაპზე, 22 დევნილი ოჯახისთვის ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, ასევე კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა საცხოვრებელი სართულები.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგად 2000-მდე დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა.