მასწავლებლის სახლში, აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების 100-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2013 წლის მიღწევები და 2014 წლის გამოწვევები შეაჯამეს. ასევე, განხილული იქნა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, ორი ღვაწლმოსილი პედაგოგი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინსიტროს პროექტის „ინოვაციური პედაგოგი"-ს 13 გამარჯვებული მასწავლებელი დაჯილდოვდა.
კონფერენციას აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.