აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი გაიმართება. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 17-18 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამყოფ ხაზთან მიმდინარე მოვლენები იქნება. საუბარი ასევე შეეხება დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებს.