აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სურამში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 17 დეკემბერს, წმინდა დიდ მოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დაბა სურამში მდებარე სანატორიუმებში („სურამი", „მზიური" და „გსმ") ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ.

აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და ომის ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა კვების პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები  მიიღო. დევნილებს ასევე საჩუქრად სადღესასწაულო ხატები გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კომპანიების - „მეგაკო"-სა და „ჯისი"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.