ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, ასევე შესრულდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის სახელობის სკვერში ყავავილებით შეამკო მემორიალური დაფა „უვიწყარა" და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ხსოვნას.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საღამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანებისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით გაიმართა.