აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ ბავშვებს შეხვდა

სასტუმრო „საქართველო"-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი"-ს ორგანიზებით თბილისში ჩამოვიდნენ.

შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელით, ბავშვებს წიგნები - „ცხოვრება იესო ქრისტესი" გადასცეს.

მთავრობის სახელით, ბავშვებს მაყვალა ბერიანიძის ავტორობით გამოცემული წიგნები: „საოცნებო საქართველო", „საქართველო ზღაპრული ფენიქსი" (საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის) დაურიგდათ. ამასთან ერთად მათ საახალწლო საჩუქრები  აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გადასცა.

აფხაზმა და ქართველმა ბავშვებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები, მუსიკალური ნაწარმოებები, წაიკითხეს ქართული და აფხაზური პოეზიის ნიმუშები.