კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი გაიხსნა. სოხუმის თეატრმა სპექტაკლი „ირმის უკანასკნელი ბღავილი" შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგინა.
სპექტაკლის რესჟისორია ნუგზარ ლორთქიფანიძე. წარმოდგენა აგებულია ლადო ასათიანის ლექსებსა და მოგონებებზე, ასევე გამოყენებულია ფრაგმენტები ოთარ მამფორიას მოთხრობიდან „ირმის უკანასკნელი ბღავილი" და ნიკა აგიაშვილის წიგნიდან „ჭაბუკები დარჩნენ მარად".
მთავარ როლებს დიმიტრი ჯაიანია, მერაბ ყოლბაია, პაატა ვახტანგიშვილი, ლილი და ნანა ხურითები ასრულებდნენ.
სპექტაკლი შემოქმედი რაინდის ბედზე მოგვითხრობს, რომელმაც უამრავი განსაცდელის მიუხედავად თავის მრწამსს, სინდისს არ უღალატა და თავისი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ხელოვანის ნაღვაწს სიკვდილი არ უწერია.
სეზონის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.