აფხაზეთის მთავრობამ გასვლითი სამთავრობო სხდომა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა

დღეს, ზუგდიდში, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის გამსვლელი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული და დამტკიცებული იქნა 5 საკითხი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.

ამავე დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ წარუდგინა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის 100 დღის ანგარიში, ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე და ინიციატივებზე, შეეხო საკადრო ოპტიმიზაციის საკითხებს.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა კითხვა–პასუხის რეჟიმში ყველა პრობლემაზე დეტალურად ისაუბრეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დევნილებს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა მთავრობის წევრების ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი დევნილთა პრობლემების მოგვარებისათვის, სადაც მთავრობის წევრების ხელფასებიდან ფონდში ჩაირიცხება 10%. გამოითქვა იმედი, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ფართო საზოგადოება და ფონდის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე.

შეხვედრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმი. გადაწყდა, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობა სისტემატიურად მიაწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სექტორის დაახლოებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან.