აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი „პრივატბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები „პრივატბანკთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, შეხვდნენ ბანკის წარმომადგენლებს.

ბანკის საკადრო მიმართულებაზე ისაუბრა კადრების სამსახურის უფროსმა და წარმოადგინა საპრეზენტაციო მასალა. ითქვა, რომ კადრების შერჩევის კრიტერიუმი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

აფხაზეთიდან დევნილთა შრომითი მოწყობის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, სოხუმის უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან ბანკის წარმომადგენლების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმებისათვის, საკადრო სარეზერვო ჯგუფის შექმნისა და სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფისათვის. გამოთქვა იმედი, რომ ის ფორმები და მეთოდები, რაც დანერგილია საბანკო სისტემაში, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების პროგრამა „პრომეთე“, ხელმისაწვდომი გახდება დევნილი ახალგაზრდობისათვის და მეტი შესაძლებლობა იქნება მათი დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის.

საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც შეისწავლის ორივე მხარე და ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.