აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებებს ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრ" ვიაჩესლავ ჩირიკბასა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი გამოეხმაურა.

კომენტარი

ფილიპ ლეფორი: „ევროკავშირი მხარს უჭერს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

ვიაჩესლავ ჩირიკბა: „არ არსებობს სამუდამო მტერი, ჩვენ შერიგების გზები უნდა გამოვნახოთ".

„ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო იყო კომენტარი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „საგარეო საქმეთა მინისტრმა" ვიაჩესლავ ჩირიკბამ ფილიპ ლეფორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მუშაობა დაასრულა და ამავე დროს იყო ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეც.

პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და რაღა თქმა უნდა, თავად აფხაზებისთვისაც. როდესაც დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს რომ: „იმედი ყოველთვის უნდა იყოს, რადგან არ არსებობს მარადიული მტერი. არის ვითარებები, ისინი იცვლება და ჩვენც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა. თავისით არაფერი კეთდება, მარტივი გზები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი საშინელი კონფლიქტისა და ომის შემდეგ".

არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო, ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ჩვენი პოლიტიკის არსიც სწორედ აქეთკენაა მიმართული: „დიახ არ არსებობს მარადიული მტერი, არის გარემოებები, რომელიც იცვლება, ჩვეც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა".

თუ ეს სიტყვები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რეალურ პოლიტიკურ ნებად იქცევა, დაახლოების, შერიგების და ნდობის აღდგენის გზები აუცილებლად გამოინახება. პირდაპირი დიალოგის, სახალხო დიპლომატიის ფორმატს ალბათ რთულია ალტერნატივა მოუნახო. ამ ფორმატებში მუშაობა ორივე მხარისთვის უფრო პროდუქტიული და თანმიმდევრული იქნება. ბუნებრივია, ჟენევის დისკუსიებსაც დიდი როლი ენიჭება. დარწმუნებული ვარ, დროთა მანძილზე  ეს შეხვედრები უფრო მოქნილი გახდება და გარდატეხას შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში. ეს კი გაგვიყვანს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთმომგებიანი დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და, რაც მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობების გზაზე."