დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იაპონიის ელჩის მრჩეველ ჰიროკი ტოკუნაგასა და გრანტების კონსულტანტ თაე იამამოტოს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იაპონიის საელჩოსთვის აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების გაცნობა და მათ განხორციელებაში საელჩოს მხარდაჭერა იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და თავმჯდომარის მრჩეველი ვასილ ბაბუნაშვილი.
ვახტანგ ყოლბაიამ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში იაპონიის მხარდაჭერისათვის და ისაუბრა იაპონიის საელჩოს წვლილზე დევნილთათვის განხორციელებულ პროექტებში.
„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიის წარმომადგენლების სტუმრობა ჩვენთან. ყველას კარგად გვახსოვს იაპონიის მთავრობის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. მათი განსაკუთრებული თანადგომა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც იაპონიამ საქართველოს 1 მილიონი დოლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას ასევე აღმოუჩინა 100 000-ზე მეტი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს აფხაზეთის ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ჩვენი მთავრობა მუშაობას სექტემბრიდან შეუდგა. საქმიანობის 100 დღის შედეგები დევნილ მოსახლეობას ზუგდიდში, გასვლით სხდომაზე უკვე გავაცანით. ჩვენი პრიორიტეტია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება. თქვენთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადეთ, გავეცანით იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამას, რომელიც ჩვენს ინტერესებს ემთხვევა. აფხაზეთის მთავრობა სატრანსფერო ორგანიზაციაა და ფინანსურად ძლიერი არააა, გამოყოფილი თანხების 70 % ხელფასებს ხმარდება“, - აღნიშნა ყოლბაიამ.
მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო და ჯანდაცვის პროექტები და მათ განხორციელებაში საელჩოს ფინანსური მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
„აფხაზეთის მთავრობას საკუთრებაში აქვს 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დასავლეთ საქართველოში. შევქმენით რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამი მიმართულებით მუშაობს: ერთწლიანი კულტურები და მეცხოველეობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება და სასათბურე მეურნეობების შექმნა დევნილთა დასაქმების მიზნით.
გვაქვს 55 000 კვადრატული მეტრი სასათბურე ტერიტორია. დიდი პრობლემა გვაქვს დევნილთა დასაქმების მხრივ, ამიტომ, ორიენტირებული ვართ დევნილებს მივცეთ სამუშაო, იმის შესაძლებლობა, რომ თავად აწარმოონ ბიზნესი. მთელმა მსოფლიომ იცის იაპონიის დამოკიდებულება ამგვარი საკითხების მიმართ. პროექტების დასაწყებად გვაქვს მიწა, გვაქვს სურვილი, გვყავს მუშახელი, მაგრამ არა გვაქვს ტექნიკური საშუალებები მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად, სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. სწორედ ამ საკითხებში დახმარებისთვის მივმართავთ იაპონიის საელჩოს ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში დახმარების გაწევისთვის. ეს ხომ დევნილებისთვის მოტივაციასთან ერთად თავის რჩენის საშუალებაც იქნება. აქამდე ჩვენ ყოველთვის მომხმარებელი ვიყავით და მატერიალურს დიდს ვერაფერს ვქმნიდით, ახლა ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ყოლბაიამ.
საქართველოში იაპონიის ელჩის მრჩეველი ჰიროკი ტოკუნაგა ყურადღებით გაეცნო ვახტანგ ყოლბაიას მიერ შეთავაზებულ პროექტებს და საელჩოს სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა მათი განხორციელების მხარდაჭერაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
„იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კარგად გვესმის, როგორი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; მათთვის უკვე განვახორციელეთ დიდი პროექტები ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ამბროლაურის რაიონში, მათ შორისაა სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ა. შ. ვფიქრობ, თანამშრომლობა თქვენს შემოთავაზებებზე ამჟამადაც შესაძლებელია. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის საკითხებში იაპონიას უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ტოკიო ძალიან დაინტერესებულია პროექტების წარმატებული მიმდინარეობით. ბუნებრივია, დაუყოვნებლივ მივაწვდით ტოკიოს ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, ამ პროექტებს მხარდაჭერა ექნება. ასევე სხვა ქვეყნის საელჩოებსაც გავაცნობთ თქვენს პროექტებს, შესაძლებელია, გარკვეულ პროექტებში ისინიც ჩაერთონ“, - აღნიშნა იაპონიის ელჩის მრჩეველმა.
ვახტანგ ყოლბაიამ ელჩის მრჩეველს ასევე იაპონური მხარის დახმარება სთხოვა ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურების საკითხში.
„აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მოწოდებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში გამოიყენოს მშვიდობიანი გზა, კომპრომისების პოლიტიკა, როგორც ჟენევის დისკუსიების მონაწილეს, შემიძლია განვაცხადო, რომ საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში ამ საკითხებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ“.