რუსულ გამოცემა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი გამოქვეყნდა სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი“. გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან.
„ჩემს მთავრობას ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის გზას გაჰყვეს. ამასთან, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველო, უარი თქვას ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისგან. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო მყარდება უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე. ისმის ასეთი კითხვებიც, თუ რა ზომებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში – სამხედრო ზეწოლას თუ "მსუბუქ ძალას"? დააწესებს თუ არა ხელახლა ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე? სამწუხაროდ, ეს შეკითხვები მოსახლეობის განწყობასა და უნდობლობის ხარისხს ასახავს. ბოლოდრინდელი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, თუმცა მათი უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს მთავარ გარე საფრთხედ მიიჩნევს“.
„დღევანდელი ევროპა არ არის იდეალური, მაგრამ სად არის უკეთესი? მე-18 საუკუნეში, როცა საქართველო ცდილობდა, მოეპოვებინა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა, ჩემი წინაპრები მას ევროპულ ძალად და ევროპაში ხიდად მოიაზრებდნენ. 1918-1921 წლებში საქართველოს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო განათლებული ევროპის წევრი. ვიზიარებ რუსი სწავლულების აზრს, რომ მოსკოვმა დღევანდელ კონტექსტში არ უნდა აირჩიოს საქართველო-ევროპას შორის კედლის ფუნქცია. ეს დიდი შეცდომა და წინდაუხედაობა იქნებოდა. და პირიქით: მოსკოვის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს მშენებლობაში დიდწილად გაამყარებდა მის ავტორიტეტს, გახდებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნაში“.
„საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ვიცით, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქართული კულტურისადმი რუსეთშიც. ჩვენი კულტურების ერთმანეთში გაცვლის შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება და ამაზე ბევრიც დაწერილა. მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენას აღვნიშნავ – თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი მოსკოვში, საზღვარგარეთ არსებულ საუკეთესო რუსულ თეატრად სცნეს. თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებშიც კი ინარჩუნებდნენ ერთმანეთს შორის კონტაქტებს. სწრაფად ცვალებადი სამყარო და საერთო გამოწვევები არასტანდარტულ მიდგომებს ითხოვს. როცა ინტერესები თავსებადია, შეთანხმება ბევრ რამეზე შეიძლება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.