აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და წარჩინებული სწავლისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭების საკითხზე სპეციალური პროექტი შეიმუშავა.
სტიპენდიები გათვალისწინებულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილებოდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივი აქტიურებით გამოირჩევიან.
პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში ჩართვას პირველი სემესტრში მიღებული ქულებით შეძლებენ.
სტიპენდიის მინიჭების საკითხის ორგანიზებული და შეუფერხებელი მუშაობისათვის აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროსთან შეიქმნება სპეციალური კომისია.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაარსება მიზნად ისახავს აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სტიმულირებას აფხაზეთის საკითხის გააქტიურებისა და პოპულარიზაციისათვის.
ყურადღება მიექცევა ახალგაზრდების სამეცნიერო ნაშრომებს, რომელნიც აფხაზეთის თემისადმი ინოვაციური ხედვებით, თანამედროვე მიდგომებით, აკადემიური წარმატებით და სამეცნიერო კონფერენციებში დასამახსოვრებელი, საინტერესო, ინტელექტუალური გამოსვლებით გამოირჩევიან.
სტიპენდია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განისაზღვრება თვეში 150, ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარით. სტიპენდია ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე) გაიცემა.
იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან სტიპენდიანტზე კომისიას მოეწოდება ინფორმაცია, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს სტიპენდიანტისადმი წარდგენილ მოთხოვნებს, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მოხსნის შესახებ.
კომისიას 7 წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერონალურ შემადგენლბობაში ცვლილება შეაქვს მინისტრს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები, სერტიფიკატები) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას განსახილველად კომისიას წარუდგენს.