აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები სტუმრობდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ის დელეგატები სტუმრობდნენ, რომლებიც ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, ახალგაზრდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს შეხვდნენ. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრები და პროექტის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

დელეგატებმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლედ გააცნეს ის საპრეზენტაციო თემები, რითაც უნდა წარსდგნენ ნიუ -იურკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე.

პროგრამის ფარგლებში, 4-დან 14 თებერვლის ჩათვლით, პროექტის მონაწილეები იმუშავებენ სარეზოლუციო საგრანტო პროექტზე, დაესწრებიან კონფერენციებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის დისკუსიებსა და ვორკშოფებში. გრანტის მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის დასკვნით ნაწილში კი გამარჯვებულ პროექტს განახორციელებენ.

დელეგატები ასევე წარმოაჩენენ, ქართული ბრენდის „მარიგოლდის" მიერ შექმნილ ქართულ ტრადიციულ სამოსს, რომელშიც აფხაზური და ოსური ხაზიც იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის".

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიო მასშტაბით და გააცნოს მათ მეთოდები,თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულობას და დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას.