აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ცნობილ ქართველ მევიოლინეს, აფხაზეთიდან დევნილ ვაჟა ჩუბინიძეს დღეს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილი ქართველი მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძე 1944 წელს ქ. სოხუმში, მსახიობების მიხეილ ჩუბინიძისა (სსრკ სახალხო არტისტი) და ფლორა შედანიას (საქართველოს სახალხო არტისტი) ოჯახში დაიბადა.

სოხუმის სამუსიკო სკოლისა და მოგვიანებით სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ  სწავლა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა, პარალელურად სოხუმის დრამატული თეატრის ორკესტრში მუშაობდა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის წამყვან მუსიკოსად. 1967 წელს მოწვეული იყო საესტრადო ანსამბლ „აფსნი67"-ის სოლისტად. 1969 წლიდან დღემდე ეწევა პროფესიულ პედაგოგიურ საქმიანობას. არის საერთაშორისო, საკავშირო და ადგილობრივი ფესტივალების მონაწილე და უამრავი უმაღლესი ჯილდოს, სიგელისა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საერთაშორისო ფესტივალების: ქ. ლიეპაის (ლატვია) „ოქროს ქარვა", ვიტებსკის (ბელორუსია), ასევე გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუსეთის, ლიტვის, ესტონეთისა და კამბოჯის. გადაღებულია მრავალ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია „დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში", „თბილისი-თბილისი", „უკვე მრავალჯერ გადაფასებული" და სხვა.

ვაჟა ჩუბინიძეს 1985 წელს აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ცნობილი ქართველი მევიოლინე თბილისში აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.