საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო იწყებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
3 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი - ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქობულეთი, გურია - ოზურგეთი, კახეთი - საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, იმერეთი - წყალტუბო, შიდა ქართლი - ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. რეგიონული შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება. საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე. რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საზოგადოების ამგვარი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.). კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.