ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა.
სერგო პაჭკორია, გიორგი რატიანი და თინა ბაბლიძე წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მათ ამ თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს. სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის სამსახიობო ხელოვნება განსაკუთრებული ოსტატობით გამოვლინდა სპექტაკლებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ფსკერზე“, „1932 წელი“, „ბრძოლა ტახტისათვის“ და სხვ.
საღამოს დაესწრნენ და იუბილარებს მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პრალმენტის დეპუტატმა, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ გოგი ქავთარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მსახიობებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და დევნილი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.
ვახტანგ ყოლბაიამ თეატრის ქართველ მოღვაწეებს პროფესიული დღე მიულოცა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, თეატრალური დღესასწაულია, რომელიც ყველა თეატრალისთვის სანუკვარი დღეა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ ეს დღე ახალი წლის დღეებს ემთხვევა. თეტრი ხომ ადამიანებისთვის მუდამ იყო იმედის, განახლების, სიმყუდროვის, სიხარულის, შემეცნების, აღტყინების, მრავალგვარი განცდის სამყარო. არ მეგულება საქართველოში პიროვნება, რომელიც არ გულშემატკივრობს ჩვენ მრავალფეროვან თეატრალურ სამყაროს. ამიტომ ეს დღე მათაც ეკუთვნით, ვისაც თეატრი და ჩვენი საამაყო მსახიობები გულმხურვალედ უყვარს. მადლობა იმისათვის, რაც გიკეთებიათ, მადლობა, რომ თქვენ არსებობთ, მადლობა რომ გვანიჭებთ საოცარ წუთებს, ემოციებს და განცდებს, რომელსაც ვერაფერს შევადრით. განა შეიძლება გაიხსენო აღელვების გარეშე სოხუმის თეატრი და მისი დასი, რომელთანაც ერთად გადავიტანეთ ყველა ჭირ-ვარამი. ის ხომ წლების განმავლობაში ქმნიდა ისეთ შედევრებს, რომელიც არც ერთ ჩვენგანს გულგრილს არ ტოვებდა. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრი სახელოვნად განაგრძობს თავის სიცოცხლეს საქართველოს დედაქალაქში. შეიძლება უჭირს, სტკივა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ სიმტკიცე, პროფესიული თავმოყვარეობა, მაყურებლის სიყვარული, საკუთარი კუთხისადმი ერთგულება მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომაც არის მუდამ წარმატებული მათი სპექტაკლები და პრემიერები. მეამაყება, რომ მქონდა და მაქვს სოხუმის შესანიშნავ თეატრალურ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელთაც ვინ იცის, რამდენი გმირის სახე შეუქნიათ სცენაზე. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს დღევანდელ დღეს საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო, რომელიც სწორედ დღევანდელ დღეს დაემთხვა. მათ მიერ განსახიერებული როლები დაუვიწყარია მაყურებლებისთვის. მინდა მათ უდიდესი მადლობა მოვახსენო სოხუმის თეატრში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის და მივულოცო დღევანდელი დღე. მახარებს ისიც, რომ ყველას გვჯერა, რომ აუცილებლად მოხდება ისე, რომ ერთად დავბრუნდებით სოხუმში. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ასევე ჩვენი მოზარდ- მაყურებელთა თეატრი, რომელიც გვახარებს თავის წარმატებებით. გილოცავთ მეგობრებო, სიკეთე, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე გიბოძოთ ღმერთმა ჩვენი ხალხის, ერის და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.