სამედიცინო უნივერსიტეტში, აფხაზი და ოსი ეროვნების ქალბატონები ომის ვეტერანებსა და ომში ნათესავდაკარგულებს შეხვდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში საქართველოში მცხოვრები აფხაზი და ოსი ეროვნების ქალბატონების, ომის ვეტერანებისა და ომში ნათესავდაკარგულების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის კოლექტივებმა მოწვეული სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და კულტურის სფეროს მოღავწეები. 

 „დღევანდელი დღე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ის ძალიან მშვიდობიან თემას ეძღვნება. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი. ხალხი, ვინც ომის ქარიშხლიანი წლები განვლო. მსგავსი შინაარსის  ვინ იცის, უკვე მერამდენე ღონისძიებაა ტარდება, რომელიც გვახსენებს, რომ ომით დანგრეული მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ააშენო. მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე ქალბატონ გურანდა გაბუნიას დასწრება, რომელიც სისხლხორცეულად მიბმულია აფხაზეთთან, სოხუმთან, გაგრასთან. საოცარია მისი მოგონებები სოხუმში აფხაზებსა და ქართველებს შორის თანაცხოვრების თაობაზე. როგორ არ გავიხსენოთ ბატონ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ჰელადოს!“ - ის ხომ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელიც  დღესაც გვინათებს გზას აფხაზეთისა და აფხაზი თანამემამულეების გულებისაკენ. მინდა  საქართველოს მოსახლეობას მათ შორის ომის ვეტერანებს  დამდეგი 2016 წელი მივულოცო.  მშვიდობიანი, ბედნიერი, ჯანმრთელი, ბარაქიანი ყოფილიყოს იგი ყოველი თქვენგანისთვის“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.