ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრიორიტეტები რომელი მიმართულებითაც აფხაზეთის მთავრობა 2015 წელს მუშაობდა. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოში ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები. ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვახტანგ ყოლბაიამ ანგარიშის კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.
„დღეს ჩვენ ზუგდიდიში დავასრულეთ რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის ანგარიშის წარდგენის დიდი მარათონი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დავიწყეთ და ზუგდიდში დავასრულეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. მათთან ერთად ჩვენმა კოორდინირებულმა მუშაობამ თვალსაჩინო შედეგები მოგვცა. ვამაყობ იმით, რომ დევნილი საზოგადოება ამას გრძნობს და რწმენით ეკიდება ჩვენს სამომავლო პროექტებს, რომელიც ძირითადად მათი სოციალური ყოფის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ეს წინასწარ გაცემული ავანსია დევნილი მოსახლეობის მხრიდან აფხაზეთის მთავრობის მისამართით. მათ იმედებს გამართლება უნდა, რომელიც მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა. რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის დიდი სტიმულია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და მასთან თანამშრომლობა, რომელმაც ბევრჯერ აგვინთქო მწვანე შუქი ჩვენი პროექტების განხორციელების გზაზე. ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისთვის, რომ მომავალი უკეთეს ფერებში დავინახოთ, ცდა არ დავაკლოთ იმ სამუშაოებს, რომელიც ახალი წლიდან გაასმაგებული ენერგიით უნდა წარვმართოთ. სასიამოვნოა, რომ დღეს ზუგდიდში ჩვენი ანგარიშის პრეზენტაციას თავის გუნდთან ერთად ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. მინდა მადლობა გადავუხადო და დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. ფეხბედნიერი, სიკეთისა და მშვიდობის მომტანი იყოს 2016 წელი ყოველი ჩვენგანისთვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ანგარიში უკვე წარადგინა საქართველოს პარლამენტში. ამჯერად, ანგარიშის წარდგენას ყოლბაია საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილთათვის განაგრძობს.