მეფუტკრეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეობის დარგში ხელოვნურად განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორამ“ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტში აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები.

ლაბორატორიის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჩეხეთის  რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე, საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი  გიორგი კეპაშვილი, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ პროექტის მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა ჩეხეთის საელჩოსთან ერთად კიდევ მრავალ პროექტს გეგმავს.

„ძალიან მეამაყება,  რომ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობით, შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც ახალი ტექნოლოგიით  გამოიყვანს განაყოფიერებული ფუტკრის დედებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა ძალიან არის დედა ფუტკრის ხარისხზე დამოკიდებული. დედა ფუტკარი კი, რომელსაც აქ გამოიყვანენ ხარისხითაც და თვისებებითაც გამორჩეული იქნება. ათასჯერ  თქმულა, რომ ქართული ფუტკარი საუკეთესოა მსოფლიოში. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში წარმოებული ფუტკრის პროდუქტები  საუკეთესოა და ერთ-ერთი უნიკალური საექსპორტო საქონელია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. მახარებს ისიც, რომ ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენი თანამშრომლობა ჩეხეთთან და ერთობლივად სხვა ახალ პროექტებსაც ვგეგმავთ. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას“ აქტიური თანამშრომლობისასთვის. საგულისხმოა, რომ „აგორა“ უკვე მეორე პროექტს ახორციელებს ჩვენთან ერთად. პირველი პროექტი როგორც იცით, სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობის ჩამოყალიბება გახლდათ. ვფიქრობ, ასეთი წინსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენი დევნილების დღევანდელ და სამომავლო საქმიანობას. “ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.