აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში არსებულ ვალერი არქანიას სახელობის „არტ-გალერეაში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი მსოახლეობის წარმომადგენლები.
ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.
„გახსოვთ ალბათ, ჩვენი მთავრობის ანგარიშის პირველი პრეზენტაცია, რომლის წარდგენაც პარლამენტში მოხდა. როდესაც გავაანალიზეთ ანგარიშის პარამეტრები, გადავწყვიტეთ იმ მნიშვნელოვანი მომენტების საზოგადოებისთვის გაზიარება, რომელზე საუბარიც პარლამენტში ვერ მოხერხდა. დღეს უფრო გულდადებით და ვრცლად ვილაპარაკეთ იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებას და მომზადებას მრავალი სამუშაოს ჩატარება უძღოდა წინ. ესენი გახლავთ სასოფლო-სამეურნეო, ახალგაზრდული, საუნივერსიტეტო, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში განხორციელებული პროექტები. საზოგადოების ყურადღება შევაჩერეთ იტალიაში განხორციელებულ პროექტებზეც, რომელსაც ჩვენ საქმიანობაში სტრატეგიულ ადგილს მივუჩენდი. სამგალითოს ვუწოდებდი ასევე, ჩვენ თანმშრომლობას არასამთავრობო სექტორთან, რომელიც გერმანიის, ჩეხეთის და თურქეთის საელჩოების ძალისხმევითა და ხელშეწყობით განხორციელდა. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ მათ მხარში ამოდგომისა და თანამშრომლობისათვის.
დიდ მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ მოხერხდა სამუშაო ადგილების შექმნა და დევნილთა მცირე ნაწილის დასაქმება. არაერთხელ მითქვამს, რომ დევნილი საზოგადოების სახით ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, იდეური, ენთუზიაზმით აღსავსე და დიდი პოტენციალის მქონე ადამიანები. მათი შესაძლებლობები ყველამ აღიარა, ვინც კი ჩვენთან ერთად იყო ჩართული პროექტების განხორციელების პროცესში. დღეს ვილაპარაკეთ იმ მიღწევებზეც, რომელიც დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ბატონ სოზარ სუბარის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. აღიარებულია, რომ დევნილთათვის ბინათმშენებლობის პროცესმა მკვეთრად შემოაბრუნა და გააუმჯობესა დევნილთა მდგომარეობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ქვეყანას უბინაო დევნილი აღარ ეყოლება. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, ისინი თავზესაყრელი გვაქვს, მაგრამ პროცესის დინამიკა გვიჩვენებს, რომ სწორი გეზი და სტრატეგია გვაქვს შერჩეული. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ რაღაც მანქანებით ჩვენ მოვახდინეთ ერთგვარი გარღვევა უცხოეთში ჩვენი ლეგიტიმური ხელისუფლების ცნობადობის ასამაღლებლად.
ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სიცხადის შეტანა, მოუგვარებელი კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. თუ რა შეუძლია ადგილზე მუშაობას, ეს დაადასტურა იტალიაში გამართულმა შეხვედრებმა და განსაკუთრებით თურქეთში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალურმა ვიზიტმა. ამ ქვეყნებში დაგეგმილმა მრავალრიცხოვანმა შეხვედრებმა საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ელიტასთან ძალიან ბევრ პოლიტიკოსს აუხილა თვალი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეალურ ვითარებაზე. ამას კი სიცხადე, გარკვეულობა და ერთგვარი წესრიგი შეაქვს საერთაშორისო და პოლიტიკური საზოგადოების მეხსიერებაში. ჩვენი მიზანია, ყველამ გაიგოს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე აზარალებს არამარტო საქართველოს, არამედ, აფხაზეთსაც და ოსეთსაც. საბოლოოდ კი ეს დიდ პრობლემად შეიძლება მოევლინოს დანარჩენ მსოფლიოსაც. ამ თემებს კი როგორც უკვე გითხარით ადგილზე მუშაობა, ინფორმაციის გაცვლა და რეალური არგუმენტების მოძიება სჭირდება. არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებაზე ყველაზე მეტად ვინ უნდა იზრუნოს, თუ არა აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. საერთაშორისო საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ჰყავს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც არა ძალადობით, არა საომარი რიტორიკით, არამედ საერთო ინტერესების დაახლოებით ბუნებრივად სურს სოხუმთან შერწყმა.
რაც შეეხება ოპონენტებს, რომელთა გოდება და მოთქმა მათვე აზიანებთ, კიდევ ერთხელ გავუმეორებ: ბატონებო საქმე აკეთეთ, სიკეთე მოუტანეთ თქვენს თანამოძმეებს. ვერ მოვიცლით იმისთვის, რომ თქვენთან ერთად წყალი ვნაყოთ. დრო ფუჭად ვკარგოთ და არაფრისგან არაფერი ვაკეთოთ. ნიჭიერ ადამიანს ნიჭიერი საქმეები გამოარჩევს, უნიჭოს კი სხვისი გაკეთებული საქმეების აბუჩად აგდება გვრის შვებას. ეს ცხოვრების კანონია, სამწუხაროა, მაგრამ ამასთან ვერაფერს გავაწყობთ," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.