აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის რაიონის მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში 27 ნოემბერს ოკუპირებული გალის რაიონის მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სტუმრები სოხუმის უნივერსიტეტიდან, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან, სტუდენტი ახალგაზრდობა.

ღონისძიებაზე გალის რესურსცენტრმა წარადგინა 2013-2015 წლებში ჩატარებული მუშაობის ანგარიში, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პედაგოგები მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისა და თავდადებული შრომისათვის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

პედაგოგებს, ასევე, მადლობის სიგელები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამაც გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში 28 ნოემბერს ახალციხის რაბათის სამუზეუმო კომპლექსის დირექციამ გალელ პედაგოგებს უმასპინძლა.