აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებული აფხაზი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის - იური (გიორგი) ანუას ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ნაჩვენები იყო იური ანუას ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „ხიდი".
იური ანუამ 1988-1990 წლებში, სოფელ კამანში არსებული ნგრევის პირას მისული იოანე ოქროპირის ტაძარი საკუთარი სახსრებით აღადგინა და წმინდა იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კამანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნა. აფხაზეთის კონფლიქტის დროს იური ანუა მამა ანდრიასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა. დაკრძალულია კამანის ეკლესიის გალავანთან.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და იური ანუას ოჯახის წევრები.