ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკადემიაში აფხაზეთის სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საკავშირო კატეგორიის მსაჯის, წარსულში აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნორჩ კალათბურთელთა ტურნირი ჩატარდა.
ტურნირის ფინალური შეხვედრები 6 ნოემბერს გაიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - „სოხუმი“, II ადგილი - „ჩაუქი“, III ადგილი - შევარდენი.
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.
გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ნოდარ დარახველიძის სახელის უკვდავყოფას, ნორჩ კალათბურთელთა შორის კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ნორჩი ტალანტების გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.