დღეს, ქორთიარდ მარიოტში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გალის რაიონში განათლების უფლების შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა თემაზე „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები".
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპეციალურ ანგარიშში საუბარია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაზე მიმდინარე სასწავლო წელს დაწყებით კლასებში რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლასა და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების შემოღებაზე.
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.
სახალხო დამცველი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობის გაზრდასა და გალის სკოლაში მომუშავე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას.
ასევე, სპეციალურ ანგარიშში საუბარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და დიპლომატიურ ძალისხმევაზე გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას.
აღსანიშნავია, აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების აღდგენის მნიშვნელობა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე.