საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდი დარბაზში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ეძღვნება აფხაზეთში ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. მასში მოცემულია აფხაზეთის ყველა დასახლებული პუნქტისა და იქ დაღუპული ადამიანების სია, ასევე თუ რა გარემოებაში გარდაიცვალნენ ისინი. ამ სიების დაზუსტება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც შემდეგ ამ გამოცემაში იქნა ასახული. მოცემულ სიას თან ახლავს ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.