დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წწ.) დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
აფხაზეთის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფილმის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.
პრემიერას აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის შთამომავლები დაესწრნენ.
დოკუმენტური ფილმი ნათელს ფენს ქართულ-აფხაზურ ნათესაურ კავშირებსა და მწვავე კონფლიქტების ისტორიულ პერიპეტიებს, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მოძიებულ და გადაღებულ იქნა უნიკალური დოკუმენტები, ვიდეომასალა, ჩაწერილია საუბრები საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში.
ფილმი მოამზადა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ არსებულმა სტუდია „ავტოგრაფმა“. ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი - ზვიად მიქელაძე. იდეის ავტორი - ნატო მარშანია.
ფილმი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა.