ფონდი „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს, ასევე აშენდება მუზეუმიც.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდ „ივერიის“ საქველმოქმედო აქციას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყვენენ ჩართულები და მომავალშიც ჩაერთვებიან ტაძრის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში.