აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატთან ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. ვახტანგ ყოლბაია საბჭოს შექმნის იდეას მიესალმა და ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვა.

საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სახალხო დიპლომატიის  გააქტიურება, აფხაზებთან ნდობის აღდგენა, მათთან პირდაპირი დიალოგის გამართვა  და კავშირების გაძლიერება იქნება.

საბჭო გააერთიანებს იმ აფხაზებს, რომელებიც დაინტერესებულნი არიან ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენით.

საკონსულტაციო საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს მთავრობასთან, ასევე ჩამოაყალიბებენ ერთობლივ სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმებს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან ერთად.

შეხვედრაზე, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ლელა გულედანმა წარადგინა მინისტრის აპარატის დებულება, რომელიც დამუშავების პროცესშია და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტის საბოლო სახის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.