აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრნატორს ლევან შონიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გუბერნატორთან შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ სამეგრელოში ჩასახლებული დევნილების პრობლემებსა და მათთვის დახმარების გაწევის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაისახა სამომავლო გეგმები და ამ გეგმების ერთობლივად განხორციელების გზები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან საუბარი მქონდა დევნილთა პრობლემებზე და მათთვის სხვადასხვა დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე. მინდა გითხრათ, რომ შემუშავდება სხვადასხვა პროექტები, რომელშიც დევნილები ჩაერთვებიან და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ ასევე ერთობლივად ვიზრუნებთ მათ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხითაც გვექნება სიახლეები. შეიძლება თამამად აღინიშნოს, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ერთჯერადი სახე არ ექნება. ჩვენ მუდმივად ვითანამშრომლებთ, რამეთუ დევნილთა უდიდესი ნაწილი სწორედ სამეგრელოს რეგიონშია ჩასახლებული," - განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მთავრობის წევრებმა ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის საკითხის მოგვარებაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილებისთვის აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრეს.