აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ულოცავს აფხაზური ენის დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება. დღეს, საქართველო წარმოადგენს შემდგარ სახელმწიფოს, რომლის ფარგლებშიც აღიარებული და დაცულია ავტოქტონური მოსახლეობისა თუ მცირე ეთნიკური ჯგუფების ფუნდამენტური უფლებები. ხელისუფლების მხრიდან, ყველანაირად ხელი ეწყობა მათ პიროვნულ და კულტურულ განვითარებას. ეს კი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტების შედეგია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია. სახელმწიფო, მის დაცვასა და განვითარებაზე ისევე ზრუნავს, როგორც ქართულისა და სხვა ენების პატრონობაზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის კათედრა. ამის ფონზე, გულსატკენია ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით შექმნილია ქართულ ენასთან მიმართებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ვინაიდან ენა წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს და თვითგამოხატვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, კონტრპროდუქტიულ შედეგებს იძლევა ადამიანებისთვის საკუთარ ენაზე სწავლების აკრძალვა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ გათვალისწინებული იქნება აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთილი იქნება აფხაზური ენისა და ეთნოსის დაკნინების ნებისმიერი მცდელობა, რომლის უპირველესი დამცველი სწორედ რომ საქართველოს სახელმწიფოა.
კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა