აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩართულობიდან დემოკრატიამდე", ინიციატივით დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დევნილთა განსახლების, რეგისტრაციის მიმდინარეობის, დასაქმებისა და „ლიბერთი ბანკის" სამეგრელოს ფილიალებთან კომუნიკაციის სრულყოფის  საკითხებზე ისაუბრეს.

„დადებითად ვაფასებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობას, რომელიც გაცილებით ეფექტურს გახდის მიღებულ შედეგებს," - განაცხადა შეხვედრაზე  ვახტანგ ყოლბაიამ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ვასილ ხორავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.

შეხვედრისას განიხილული იქნა კონკრეტული საკითხები და სოციალურ-ეკონომიკური პროექტები დევნილებთან მიმართებაში. ასევე დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი ოჯახების კეთილდღეობას და მათთვის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.