აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხ საჯარო სკოლაში, რომლებიც თბილისში, ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.
დღეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.
სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა თვალსაჩინოება, ფერადი ილუსტრაციები, რუკები, ფოტოები, ვიდეომასალა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური". საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზური ენის განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამ კუთხით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება არის ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის გზაზე.
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისა მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წლებია სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.