აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში“ ლევან ესათიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის დირექტორს - ლევან ესათიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის 45, ხოლო დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
ლევან ესათია ხანგრძლივ პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა მოზარდი თაობების სწავლისა და აღზრდის, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა დარეგულირების, ქართული და აფხაზური სახელმწიფო ენების დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით.
ლევან ესათიას იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი წერილების, სტატიების, ნაშრომების კრებული - წიგნში გაანალიზებულია თანამედროვე აფხაზეთში არსებული ვითარება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და იუბილარს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაინმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ლევან ესათიას კოლეგებმა და მეგობრებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ლევან ესათიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.