აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის (სფტი) დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის (სფტი) დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე მიესალმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა დაესწრნენ. გია გვაზავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციაში ბირთვული ფიზიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. სხდომას სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა უძღვებოდა. მან ინსტიტუტის დაფუძნებიდან დღემდე განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. თუ როგორ ყალიბდებოდა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით, რაც განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში.

ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა როგორც ბირთვული და თერმობირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმის, მყარი ტანის ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში.

მძიმე წლებისა და დევნილობის მიუხედავად, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა თბილისში საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო ფუნქციონირება.