აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 4-11 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ინტერკულტურული ვორქშოფი გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის პროფესორები და სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
ინტერკულტურული ვორქშოფი „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები" პალაცო კოპინის დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები, ასევე იტალიური ორგანიზაცია „რონდინე", რომელიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიელი სტუდენტებიც. ახალგაზრდებმა იმუშავეს შერეულ ჯგუფებში თემაზე „რა გვაერეთიანებს და რა გვაშორებს". წარმოადგინეს ახალი ხედვები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებს.
ასევე, გაიმართა გამოფენა სათაურით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი", რომელშიც თავმოყრილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული კალიგრაფიის ნიმუშები და დამთვალიერებლებს დაურიგდათ მასალები ქართული კალიგრაფიის ისტორიის შესახებ.
პარალელურად ქართულ-აფხაზური სამზარეულოს პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალები და წიგნები გადაეცათ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამოფენის დღეებში აქტიურად ჩაერთო ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო და ქართული დიასპორა.
ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრები ევროპისა და ფლორენციის უნივერსიტეტებში, სადაც მონაწილეთათვის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორებისა და ექსპერტების მიერ ჩატარდა ლექციები თემებზე: ინტერკულტურული დიალოგი, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული ბიოგრაფიები და ევროპული ასპექტები.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის,საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, „დელ ბიანკოს" ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტების მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება აფხაზეთის პრობლემატიკისადმი, ასევე ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
ადგილობრივ მედია საშუალებებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აქტიურად გაშუქდა.