აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი ახალ შენობაში განთავსდა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს თბილისის მერიამ თოფურიას №10-ში ახალი საოფისე ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, სულიერების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ქეცბას ინიციატივით ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვნები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ძველი ოფისი ე.წ. კაზარიანცის სახლში მდებარეობდა და ის იქ გაჩენილ ხანძარს შეეწირა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის განკარგულებით, თოფურიას ქუჩაზე არსებული ფართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც შენობა სულიერებისა და კულტურის ცენტრს გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ფართის გადაცემისათვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. გაწეული სამსახურისთვის ყოლბაიას მადლობა დაიმსახურა ცენტრის ხელმძღვანელმაც, სვეტლანა ქეცბამ.

„აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს მინდა მივულოცო ახალი ჭერი და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელმაც ეს ფართი აფხაზეთის სტრუქტურებს გადასცა, ჩვენ კი თავის მხრივ, ეს შენობა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრსგადავეცით, რომელსაც ქალბატონი სვეტლანა ქეცბა ხელმძღვანელობს. იგი მართლაც გამორჩეული ქალბატონია თავისი წარსულით, შემოქმედებითი მიდგომით, უნარით, სულ ახალი იდეებით. მას უამრავი საინტერესო ახლაგაზრდა ჰყავს გარშემო შემოკრებილი.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას, ამ ცენტრს, აქვს ლოცვა-კურთხევა პატრიარქისაგან. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ცენტრის შექმნაში და ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.