ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.
ასევე, საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.