სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან  გადააბრძანეს, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.