გასული სამი დღის განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემები და დაათვალიერეს აფხაზეთის მთავრობის ეგიდით მიმდინარე პროექტები.
ვახტანგ ყოლბაიამ დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხსა და რიყეში არსებული სიმინდის ნათესები, ასევე ხურჩაში მშენებარე სასათბურე კონსტრუქციები, სადაც დევნილები არიან დასაქმებული. მიწის ნაკვეთები, სადაც სიმინდის კულტურაა დათესილი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას განკარგვის უფლებით გადასცა. მიწაზე დევნილებმა სიმინდი შარშანაც მოიწიეს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მომავალი წლისთვის, ნათესების ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. რაც შეეხება სასათბურე მეურნეობას, ყოლბაიას თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ობიექტი რამდენიმე თვეში გაიხსნება. პროექტი ასოციაცია „აგორამ" აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში" გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ტერიტორიაზე, განიხილება მეთევზეობის მეურნეობის შექმნის საკითხი, რისთვისაც მოხდება ინვესტიციების მოძიება, სადაც ასევე დევნილები დასაქმდებიან.
ვახტანგ ყოლბაიამ ასევე მოინახულა დევნილთა ჩასახლებები წალენჯიხაში, მათ შორის წალენჯიხის ყოფილი ჩაის მეურნეობის კომპაქტური ჩასახლება. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს, იქ ნანახმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მისი თქმით, ყოფილი ჩაის მეურნეობა, რომელიც წინა მთავრობის დროს იტალიურ კომპანია „ფერეროს" გადაეცა, ამჟამად პრაქტიკულად გაპარტახებულია და ტერიტორიაზე კომპანია თხილს აწარმოებს. მისივე თქმით, დევნილთათვის „ფერეროს" არანაირი პირობა არ შეუქმნია, არ დაუსაქმებია არც ერთი მათგანი.
ამჟამად, წალენჯიხაში აფხაზეთიდან დევნილი 10 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე დიდი ოდენობა ქალაქ ჯვარშია ჩასახლებული. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ძალიან მძიმეა ზოგადად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა ცხოვრების პირობები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ძირითადად განსახლების კუთხით ითხოვენ.
წალენჯიხის შემდეგ, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მისი მოადგილე, ყოფილი დეპუტატი დემურ გადელია. დევნილებმა სხვადასხვა საკითხში დახმარება ითხოვეს და აფხაზეთის მთავრობას და ცენტრალურ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი მოთხოვნა წაუყენეს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ დახმარება აღუთქვა ყველა იმ სფეროში, რაც აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციაში შედის, სხვა საკითხებში კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აღუთქვა.
„მესამე დღეა, სამეგრელოში ვიმყოფები. ჯვარში დავესწარი ენგურჰესისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების ცერემონიალს. ეს შესანიშნავი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ შესანიშნავი ნაგებობის უნიკალურობას და, რაღა თქმა უნდა, გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.
დავათვალიერე ის ობიექტები, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ მიერ დევნილთათვის სამუშაო ადგილების აღრიცხვა მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს სისხლხორცეული საქმეა, გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროებს. რაც შეეხება ბინებით დაკმაყოფილების თემას დევნილები არ უჩივიან მათთვის განკუთვნილი ბინების განაწილების ტემპებს. როგორც თავად აღნიშნავენ, ასეთი სისწრაფე ბინებით დაკმაყოფილების პროცესს უფრო ადრე რომ ხლებოდა, საბინაო საკითხები უმწვავეს ფორმებს არ მიაღწევდა. გაუსაძლის პირობებში ცხოვრება მარადიულად შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით ასეთ პირობებში მრავალი ოჯახი იმყოფება, საკმარისია ჯვარის ჩასახლების მაგალითი, რომელიც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება.
დევნილებს დიდ ყურადღებას უთმობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მათი მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მართლაც შესაშურია. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების შერემონტებისათვის, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ. ეს მუნიციპალიტეტის მუშაობის ორგანიზებულებაზე მეტყველებს. მსგავსი ინვესტიცია მათ უკვე მოიზიდეს ჩინელებისგან კურორტ მენჯის რეაბილიტაციისათვის, სადაც დევნილები დასაქმებულნიც არიან და, როგორც ჩანს, უკეთესი პირობებიც შეიქმნება საცხოვრებელი ბინების თვალსაზრისით. შედარებით მძიმე სიტუაციაა ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში, მაგრამ, ვფიქრობ, მდგომარეობა აქ მალე გაუმჯობესდება. კვლავ პრობლემურია დასაქმების საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტი ზრუნვა ესაჭიროება. დევნილები ხშირად ითხოვენ საცხოვრებლების შერემონტება-გადახურვის პრობლემის მოგვარებას. მე მათ შუამდგომლობა მთხოვეს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან, რაშიც დახმარება აღვუთქვი და მივმართავ კიდეც ბატონ სუბარს. პრობლემა ძალიან ბევრია, რთულია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებას ყველა ეს საკითხი კონტროლზე აქვს აყვანილი და მათი გადაჭრა ეტაპობრივად ხდება. ახლა მომსწრე ვართ მართლაც უნიკალური ფაქტის - როცა მიმდინარეობს დევნილთა საბინაო პრობლემების მოგვარება და მათ საკუთრებაში გადაეცემათ ასეულობით ახალი საცხოვრებელი ფართი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებლად გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა არის ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტაც უკვე მიმდინარეობს. ჩვენი დევნილები ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებიან. მათ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვთ აფხაზეთის სტრუქტურებისადმი, ამ გამოწვევას ჩვენ ვიღებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავითვალისწინოთ ეს პრეტენზიები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ. რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, ამ საკითხებს შესაბამის სტრუქტურებთან განვიხილავთ". - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.