აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი გაეცნენ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნა იგეგმება.
ცენტრის რეაბილიტაციისათვის თანხები აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის მობილიზება ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. რეკონსტრუქციის შემდგომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკუთრებაში შემავალი სასემინარო და სარეპეტიციო დანიშნულების დარბაზები დევნილობაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღა"-ს, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და სხვა შემოქმედებით და სპორტულ კოლექტივებს მოემსახურება.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს შენობაში არსებული დარბაზი, რომლიც საჭიროებს რეაბილიტაციას, რის შემდგომაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი 400 მაყურებელზე და აფხაზეთის თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ არა-ერთი შემოქმედებითი საღამო.
სტუმრები იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი, რომელიც რეკონსტრუქციის შემდგომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.