ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, „რუმს თბილისში" ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, მათ შორის ბოლო რაუნდის საკითხები და შედეგები განიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის მეტ ჩართულობაზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, განიხილეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პერსპექტივები.

შეხვედრის მონაწილეებმა ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან თემებზე რეკომენდაციები შეიმუშავეს. კონფლიქტებისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ქართველი მონაწილეების შეხვედრა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.