აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობდნენ

დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლა. ჯაბა სამუშია დევნილ ბავშვებს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.) და საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ესაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით ის სისხლიანი უახლესი ფურცლები, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი გმირები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

„ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია და იცნობდნენ თავიანთ გმირებს, რომელთა თავგანწირვაც სამაგალითო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისათვის", - განაცხადა მანან ქვაჩახიამ.

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.