რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე აფხაზეთის თეატრებს დაეთმო

ფოთში პირველი "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსისა და პოლონეთის რეგიონული თეატრების ქართული და უცხოური თეატრის დასების წარმომადგენლები.

ფესტივალის პირველ დღეს მაყურებლის წინაშე სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა" სპექტაკლით „ჯარისკაცი იყო ერთი..." წარდგა. სპექტაკლის რეჟისორმა შალვა ლორთქიფანიძემ ამერიკელი დრამატურგების - ალბერტ მალცისა და უილიამ საროიანის პიესების - „ჯარისკაცი იქსი" და „ჰეი, ვინ ხართ მანდ?!" დადგა. მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება სოფია გუბაიდულინას და მარინა სტირჩას ეკუთვნით.

სპაქტაკლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია დესწრნენ.

20:00 საათზე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ ფოთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება დავით საყვარელიძის სპექტაკლი „ნავიგატორი", რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დაიდგა.

"რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.