მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაიმართა პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები თემაზე: „გრძელვადიანი გადაწყვეტილებები: საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა არჩევანი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში მიესალმება ამგვარი კვლევების ჩატარებას, ვინაიდან მსგავსი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს იძულებით გადადგილებულ პირთა ნების დაფიქსირება ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი საკმაოდ კომპაქტური და დაბრუნებასთან დაკავშირებით დევნილი საზოგადოების ძირითადი დაკვეთის მაჩვენებელია.
ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილობაში ერთადერთი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურაა, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ხსენებული აქტივობა ხორციელდება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობაში.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის ქვედანაყოფებთან, მათ შორის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR). ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ როგორც UNHCR, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში არიან ჟენევის მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეები.
ამ კონტექსტში, კარგი იქნებოდა, თუ ზემოხსენებულ მსგავსი სახის პრეზენტაციებზე მიწვეული იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავისი ფუნქციონალური დატვირთვით არიან დევნილი საზოგადოების ნდობის მანდატის მატარებლები და მათი ნების გამომხატველები. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ზემოაღნიშნულ საკითხებში ერთიორად ეფექტურს გახდის დევნილთა ნების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესს. ხოლო ეს თავის მხრივ აუცილებელია იგპ-თა დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში მყოფი საბოლოო ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებისათვის.