აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ღირსების ორდენის კავალერის, ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა – „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყო.
გამოფენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ფოტოგრაფის კოლეგები იმყოფებოდნენ.
მიხეილ როსტომაშვილის მხატვრული ფოტოსურათები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. გამომცემლობა „ხელოვნებამ“ გამოსცა ბუკლეტი ცნობილ ქართველ ბალერინა ნინო ანანიაშვილზე, რომელშიც მიხეილ როსტომაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები შევიდა. 2000 წელს მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „რომანტიკული მოტივები“. იმავე წელს გაიმართა გამოფენა „ახლოა ფერეიდნამდე“. თბილისსა და ბათუმში მოეწყო მისი არაერთი გამოფენა, მათ შორის ფოტოგამოფენა „განწყობილება“.
მიხეილ როსტომაშვილი ალმა-ათაში „ქალები მშვიდობისათვის, ეკონომიკური დაცვისა და თანასწორობისათვის“ საერთაშორისო სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.